Thursday, August 16, 2018

მასწავლებლის ისტორია

ბავშობაში ხშირად ვთამაშობდით მასწავლებლობანას. სოფლის ბოლოს თხილის ბაღებია. ამ ბაღში გვქონდა მოწყობილი ჩვენი სკოლა. ნამდვილ სკოლაში მოსწავლის როლში ვიყავი. ჩვენს საოცნებო სკოლაში კი, მასწავლებლის როლს ვირგებდი...
დავიბადე აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში, 1989 წლის 30 ივნისს. 2006 წელს დავამთავრე ამავე სოფლის ქართული საშუალო სკოლა. სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი საქართველოში. 2010 წელს დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო 2013 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.  2011-2013  წლებში ვმუშაობდი იურიდიულ კომპანიებში და პარალელურად –  არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის ეგიდითაც ვეხმარებოდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე  მოქმედ ქართულ სკოლებს, ვანხორციელებდით საგანმანათლებლო პროექტებს.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 2010 წლის გამოშვება
ილიაუნის მაგისტრების 2013 წლის გამოშვება
ქურმუხელის
2013 წელს მონაწილეობა მივიღე პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“. კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ გამანაწილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში, სადაც ორი წლის განმავლობაში ვასწავლიდი ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართულს, როგორც მეორე ენას (2014-2015 სასწავლო წლებში ასევე სამოქალაქო განათლებას). 
წარდგენა სადახლოს N1 საჯარო სკოლაში, 2013 წელი
დღესაც მახსოვს 2013 წლის 16 სექტემბერი. ეს იყო დღე, როდესაც პირველად შევედი საკლასო ოთახში მასწავლებლის სტატუსით. არასოდეს დამავიწყდება 26 წყვილი, მოციმციმე, სიახლისა და ცვლილებების მომლოდინე,  ცნობისმოყვარე მზერა. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ მასწავლებლობა ეს არის პოზიცია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სხვების ცხოვრება, ქვეყნის მომავალი, მსოფლიო.  ამასათანავე ეს არის საქმიანობა, რომელის განხორციელებისას მოკლე დროში შეგიძლია დაინახო შენი შრომის შედეგი, როგორც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების, ასევე მათი ქცევების, დამოკიდებულებების თვალსაზრისით.
პირველი გაკვეთილებიდან...
ჩემი ოთხწლიანი პედაგოგიური საქმიანობის დროს დავუმეგობრდი უამრავ მასწავლებელსა და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანს. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ პრაქტიკას, ვაფასებთ ერთმანეთის საქმიანობას, ვეხმარებით კარიერულ წინსვლაში და ა.შ. .
2015 წლის ივნისიდან ვმუშაობ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, რომელიც არის  მულტიკულტურული დაწესებულება, რომლის კონტინგენტი საკმაოდ მრავალფეროვანია (აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები, რუსები). სწავლებისას  ვიყენებ ინოვაციურ სტრატეგიებსა და მეთოდებს. მოსწავლეთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ვრთავ მათ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში/პროექტში. ხელს ვუწყობ ზოგადსაკაცობრიო პრინციპების სწავლებას და პარალელურად ვზრუნავ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
ჩვენი გუნდი


არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში

2016-2017 სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში სამოქმედო კვლევა განხორციელდა. მასში ჩართული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების ორი მაგისტრანტი და მე, როგორც სკოლის სამოქალაქი განათლების მასწავლებელი და შორენა ხუხუა - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.  სამოქმედო კლველვა ორ ეტაპად დავყავით. პირველ ეტაპზე ინტენსიურად ვხდებოდით მოსწავლეებს საჭიროებების გამოსავლენად. მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გამოვლინდა, რამდენიმე პრობლემა, კერძოდ ბიბლიოთეკაში არსებული თანამედროვე ლიტერატურის სიმწირე და კინო-ჩვენებებისთვის შესაბამისი სივრცის არ არსებობა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მკითხველთა და კინო კლუბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მოსწავლეთა დაინტერესებას ლიტერატურით და  მათი აქტიურობის ზრდას.
მკითხველთა და კინო კლუბი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მიღებული ფინანსებით შევიძინეთ ლიტერატურა, პროექტორის დაფა და ხმის გამაძლიერებლები. 
სკოლამ საკუთარი სახსრებით ბიბლიოთეკაში მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით შეისყიდა პუფები.
  • ლიტერატურის ხმამაღალმა კითხვა ჯგუფში, წაკითხულის მიხედვით მცირე სპეკტაკლების, სკეჩების დადგმამ, მხატვრული გამომსახველობითი ხერხების აქტიური გამოყენებამ უზრუნველყოფ მოზარდების აქტიურ და შემოქმედებით მკითხველად ჩამოყალიბება.
  • ხელოვნების ვიზუალური ფორმა (კინო) შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ფორმირების წინაპირობად იქცა. რეტროსპექტულმა ჩვენებებმა, კინოკლასიკოსთა შედევრების განხილვამ დებატებისა და დისკუსიის ფორმატში მხატვრული გემოვნებისა და სოციალურად აქტიური პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.


დებატები მოეწყო შემდეგ წიგნებზე და მათზე გადაღებულ ფილმებზე: „მე შენამდე“, „ჩემი დის მფარველი“, „სინათლე ოკეანეებს შორის“, „ყველაფერი, ყველაფერი“, „ბეჭდების მბრძანებელი“,  „ჰობიტი“, „შინდლერის სია“, „მწვანე ბილიკი“, „გაქცევა შოუშენკიდან“, 400 დარტყმა“,  „გრძელი ნათელი დღეები“, „ველოსიპედის გამტაცებლები“, „ლომი“, „ნატვრის ხე“ (მარიტა), „ვედრება“, „მკვდარი პოეტების საზოგადეობა“, „თავისუფლების მწერლები“, „საშიში ფიქრები“.
წიგნების კითხვა და ფილმების ჩვენება წარიმართა შემდეგი თემატიკის მიხედვით;
ბავშვი და ზასოგადოება/შვილებისა და მშობლების დაპირისპირება;
➧პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება;
➧სასკოლო სივრცე, ინკლუზიური განათლება.
მხატვრული ლიტერატურის კითხვის პროცესში ვმონაწილეობდით, მე და შორენა ხუხუა, როგორც საკლუბო მუშაობის წარმართველები და  ჩვენი სკოლის  სხვა მასწავლებლები: გიორგი ჭაუჭიძე, ნონა ხორბალაძე, ანა მჭედლიშვილი. კლუბის ფარგლებში მოწყობილ შეხვედრას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები: ნინო გვარაძე და მარიამ გვეხიძე.
 აქტივობები
➨მოსწავლეთა ანკეტირება მხატვრული ლიტერატურის შერჩევის მიზნით და შედეგების ანალიზი - თებერვალი;
მხატვრული ლიტერატურისა და საჭირო ინვენტარის (ხმის გამაძლიერებელი და პროექტორის დაფა) შეძენა და ტრანსპორტირება - მარტი; 
შერჩეული ლიტერატურის კითხვა და დებატების/დისკუსიების მოწყობა მკითხველთა კლუბის ფარგლებში - აპრილ-ივნისი.
მკითხველთა კლუბის იდეამ გაამართლა და შეინარჩუნა მდგრადობა.  2017-2018 სასწავლო წელს საკუბო მუშაობის წარმართვა გააგრძელეს ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა:ირმა ჯაჯანიძემ და ფატიმა ასანიძემ.





Wednesday, August 15, 2018

სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება

სპორტი სასკოლო ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. სწორედ მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავაინტერესოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით, სწავლით, ჩამოვუყალიბოთ ურთიერთპატივისცემის, ძლიერის აღიარების უნარი და დავანახოთ გამარჯვებისა თუ დამარცხების სიტკბო-სიმწარე. 
ბოლნისი, 2017 წელი.
ჩემს სასკოლო ცხოვრებაში სპორტს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ორმაგად სასიხარულოა, როცა სკოალში დირექცია მხარს გიბამს ან პირიქით შენ ეხმარები სხვადასხვა სპორტული შეჯიბრის ორგანიზებაში. 
გოგონათა გუნდის ჩამოყალიბების მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონში გოგონათა გააქტიურება და სპორტში ჩართვა, ბიჭების გუნდის მომზადება კოკა-კოლას თასისთვის. ქვე მიზნები: 
➤გოგონათა ფეხბურთის პრეცენდენტის შექმნა და გენდერული თანასწორობის პოპულარიზაცია; 
➤გოგონათა საფეხბურთო გუნდის ფორმირება; 
➤სკოლაში გაიზარდა გოგონების ინტერესი სპორტისადმი; 
➤შერეული გუნდების პოპულარიზაცია სკოლაში. 
ქვემო ქართლში, განსაკუთრებით მარნეულის რაიონში მწვავედ დგას გოგონათა სპორტში ჩართულობის საკითხი. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით სკოლაში დავგეგმეთ ვარჯიშები შერეული გუნდების შემადგენლობით. სკოლის ბიჭების საფეხბურთო გუნდმა დაიწყო მომზადება გოგონების გუნდის კოკა-კოლას თასისთვის. თეორიულ და პრაქტიკულ ვარჯიშებს მეთვალყურეობას ვუწევდი მე და საჭიროების შემთხვევაში ვერთვებოდი პროცესში. 
პრობლემები იყო საწყის ეტაპზე მშობლებისგან, მათი გარკვეული ნაწილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას გოგონების ჩართვაზე, აპროტესტდებდნენ შორტებით თამაშის პერსპექტივას, რადგან, მათი აზრით, ეწინააღმდეგება ადგილობრივი თემის ტრადიციებს. მოსწავლეთა სპორტული მომზადების ხელმძღვანელებმა მე და სკოლის დირექტორმა, სპორტის დიდმა ქომაგმა შორენა ხუხუამ გამოვნახეთ კონსესუსის გზა, დავარწმუნეთ მშობლები, რომ სწავლაში ხელს არ შეუშლიდა სპორტი, გოგონებიც ადასტურებდნენ, უფრო გულმოდგინედ სწავლის სურვილს. გაიზარდა მათი აკადემიური მოსწრება. სკოლამ დაკვეთით შეიძინა სპორტული ტანსაცმელი. შორტები ჩაანაცვლა სპორტული შარვლებით. საფეხბურთო გუნდების პრეზენტაცია შედგა 2017 წელს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე. ღონისძიებას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
კოკა-კოლას 2017 წლის გათამაშებაში ჩვენი გუნდი პირდაპირ რეგიონალურ ტურნირზე გაემგზავრა ბოლნისში. წილისყრის შედეგად ნახევარფინალში მეტოქედ რუსთავის N20 საჯარო სკოლა გვერგო. მეტოქე გუნდთან 2-0 დავმარცხდით.
მეორე პრობლემა ამხანაგური თამაშებისთვის / სავარჯიშო დ მეტოქე გუნდის არარსებობა გახდა. გოგონები ერთმანეთთან ვარჯიშობდნენ და ნახევარფინალში უცხო გუნდთან დამარცხების ძირითადი მიზეზი ეგ გახდა, არ ჰქონდათ განსხვავებულ გუნდთან წვრთნა გავლილი, თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ შეტევას ვერ ახერხებდნენ მოწინააღმდეგის კარებში. გაუჭირდათ გუნდური თამაში. 
ამ მიმართულებით 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მუშაობის წარმართვა. მოვძებნეთ ახლომდებარე სკოლებში სპარინგ-პარტნიორი. გავმართეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა დიოკნისის საჯარო სკოლაში. 
2018 წლის გათამაშებაზე უკვე მარნეულში მოგვიწია თამაში. ჩვენმა გოგონათა გუნდმა უკვე ფინალური შეხვედრა წააგო წერეთლის საჯარო სკოლის გუნდთან.
გარდა ოფიციალური შეჯიბრებებისთვისმომზადებისა სიამოვნებით ვერთვები სხვადასხვა სასკოლო სპორტულ აქტივობებში. მოსწავლეებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს და ა.შ.
სრული ალბომი იხილეთ აქ!

Monday, August 6, 2018

სწავლა კეთებით


სკოლაში მუშაობის/მასწავლებლობის ხუთწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას კეთებით სწავლება წარმოადგენს.  აღნიშნული მეთოდის უპირატესობაში ბევრჯერ დავრწმუნებულვარ. სწორედ დაგეგმვის შემთხვევაში იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. ბავშვებს უვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
სასწავლო პროცესს პირობითად ვყოფ რამდენიმე ეტაპად:
· ➤  წინა მოსამზადებელი პერიოდი
➞მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ თემატიკას, ვიყოფით მცირე სამუშაო ჯგუფებად, ჩამოვწერთ საჭირო რესურსებს  ხდება იდეების თავმოყრა, გაზიარება და ა.შ. აუცილებელ ელემენტს შეადგენს შეფასების რუბრიკის შედგენა. სასურველია ეს მოხდეს მოსწავლეთა ჩართულობით.
·➤   კეთების პროცესი
➞ეს ნაწილი შეიძლება მოიცავდეს როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო პერიოდს. ამ ნაწილში ერთად სხვადასხვა რესურსის გამოყენებით ვამზადებთ მაკეტებს, ვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს და ვემზადებით პრეზენტაციისთვის.
· ➤პრეზენტაცია
➞ჯგუფები ახდენენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას. ერთად ვახდენთ შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.