Thursday, August 16, 2018

მასწავლებლის ისტორია

ბავშობაში ხშირად ვთამაშობდით მასწავლებლობანას. სოფლის ბოლოს თხილის ბაღებია. ამ ბაღში გვქონდა მოწყობილი ჩვენი სკოლა. ნამდვილ სკოლაში მოსწავლის როლში ვიყავი. ჩვენს საოცნებო სკოლაში კი, მასწავლებლის როლს ვირგებდი...
დავიბადე აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში, 1989 წლის 30 ივნისს. 2006 წელს დავამთავრე ამავე სოფლის ქართული საშუალო სკოლა. სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი საქართველოში. 2010 წელს დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო 2013 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.  2011-2013  წლებში ვმუშაობდი იურიდიულ კომპანიებში და პარალელურად –  არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის ეგიდითაც ვეხმარებოდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე  მოქმედ ქართულ სკოლებს, ვანხორციელებდით საგანმანათლებლო პროექტებს.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 2010 წლის გამოშვება
ილიაუნის მაგისტრების 2013 წლის გამოშვება
ქურმუხელის
2013 წელს მონაწილეობა მივიღე პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“. კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ გამანაწილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში, სადაც ორი წლის განმავლობაში ვასწავლიდი ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართულს, როგორც მეორე ენას (2014-2015 სასწავლო წლებში ასევე სამოქალაქო განათლებას). 
წარდგენა სადახლოს N1 საჯარო სკოლაში, 2013 წელი
დღესაც მახსოვს 2013 წლის 16 სექტემბერი. ეს იყო დღე, როდესაც პირველად შევედი საკლასო ოთახში მასწავლებლის სტატუსით. არასოდეს დამავიწყდება 26 წყვილი, მოციმციმე, სიახლისა და ცვლილებების მომლოდინე,  ცნობისმოყვარე მზერა. ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ მასწავლებლობა ეს არის პოზიცია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სხვების ცხოვრება, ქვეყნის მომავალი, მსოფლიო.  ამასათანავე ეს არის საქმიანობა, რომელის განხორციელებისას მოკლე დროში შეგიძლია დაინახო შენი შრომის შედეგი, როგორც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების, ასევე მათი ქცევების, დამოკიდებულებების თვალსაზრისით.
პირველი გაკვეთილებიდან...
ჩემი ოთხწლიანი პედაგოგიური საქმიანობის დროს დავუმეგობრდი უამრავ მასწავლებელსა და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანს. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ პრაქტიკას, ვაფასებთ ერთმანეთის საქმიანობას, ვეხმარებით კარიერულ წინსვლაში და ა.შ. .
2015 წლის ივნისიდან ვმუშაობ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, რომელიც არის  მულტიკულტურული დაწესებულება, რომლის კონტინგენტი საკმაოდ მრავალფეროვანია (აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები, რუსები). სწავლებისას  ვიყენებ ინოვაციურ სტრატეგიებსა და მეთოდებს. მოსწავლეთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ვრთავ მათ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში/პროექტში. ხელს ვუწყობ ზოგადსაკაცობრიო პრინციპების სწავლებას და პარალელურად ვზრუნავ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
ჩვენი გუნდი


0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home